13/02/2023
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!
2023 წლის 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში გაიხსნა გამოფენა "ავტოპორტრეტი სარკესთან" ქეთი შავგულიძის Keti Shavgulidze კურატორობით. გამოფენაზე ობსკურას გუნდის წევრის სანდრო სულაბერიძის Sandro Sulaberidze ავტოპორტრეტიც იყო წარმოდგენილი.
სანდრომ გამოფენის გახსნაზე სპონტანურად განსხვავებული მსვლელობა მისცა ნამშევარს, ფოტო კედლიდან ჩამოხსნა და კედელზე ვარდისფერი მარკერით დატოვა წარწერა "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!". დამთვალიერებლის და გამოფენის მონაწილეების მხრიდან ნამუშევარს არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. უმეტესად დამსწრეებმა, მონაწილეებმა, შემდეგ სხვებმაც, ვინც ნამუშევრის ამგვარი ტრანსფორმაციის შესახებ გაიგო, შვებით ამოისუნთქა და გამოფენაში ყველაზე ცოცხალ და აქტუალურ ნაწილად სწორედ ეს ნამუშევარი დაასახელა. ეს კი გელათის ეკლესიაში მიმდინარე გაუმჭვირვალე პროცესების, ეროვნული მუზეუმის, ძეგლთა დაცვის სააგენოტოს თანამშრომლების შევიწროვებისა და სამსახურდან უსამართლოდ გათავისუფლების, თვითონ ეროვნულ გალერეაში საკმაოდ უსისტემო და არარეალური ტემპით ცვლადი გამოფენების ფონზე მოხდა, რის გამოც ბევრმა მივიჩნიეთ ეს წარწერა აქტუალურად და დროულად. თუმცა გამოფენაზე მოვლენები დრამატულად განვითარდა კურატორი დაკითხვაზე წაიყვანეს. როგორც გაირკვა, ეროვნული გალერეის ხელმძღვანელმა გამოიძახა პატრული… მოგვიანებით საქმე აღიძრა ქურდობის მუხლით (177ე მუხლის მე2 ნაწ. ა .ქვეპუნქტი), სადაც სანდრო სულაბერიძე საკუთარი ნამუშევრის ქურდად მოიაზრება. სანდროს სახლშიც მიაკითხეს, ეძებდნენ, და დაკითხვაზე დაიბარეს, სადაც გამოცხადდა კანონის შესაბამისად. სასაცილო ბრალდებაა: საკუთარი ხელით შექმნილი კამერით გადაღებული ფოტოს ქურდობა, რომელიც ხელოვანის საკუთრებაა. ეროვნული გალერეის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გამოფენის მსვლელობისას დაიკარგა ნამუშევარი და იძულებული გახდა დაერეკა პოლიციაში, რომ უსაფრთხოების ნორმები დაეცვა, მაშინ როცა გამოფენის გახსნის დამსწრე ხელოვანებმა კარგად დაინახეს რაც მოხდა და როგორც შეიცვალა მათ თვალწინ ნამუშევარი. სანდრომ კედელზე დატოვა განაცხადი, რომელიც ზოგისთვის გლობალურ სახელოვნებო პრობლემას, ზოგისთვის კი ადგილობრივი კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირდა. ყველა შემთხვევაში, ეს იყო ხელოვანის განაცხადი, რითაც მან კვალი დატოვა მისი ნამუშევრისთვის განკუთვნილ კედელზე და შესაბამისად ნათლად წარმოაჩინა დღეს, აქ და ახლა, მისი პოზიცია (არ შეხებია სხვა ექსპონატებს). ფაქტობრივად ეს იყო სანდროს ავტოპორტრეტი ტექსტის სახით წარმოდგენილი. გალერეის ადმინისტრაციამ მოითხოვა და ორგანიზატორებმა წარწერა გადაღებეს, ნამუშევარი გააქრეს. ქურდობაზე საქმე კი კვლავ ძიებაშია. როგორც ეროვნული გალერეის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს "სამომავლოდ, „პერფორმანსები“ ჯობს ისე დაგეგმოთ, რომ არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მაინც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა." ამით გალერეის ხელმძღვანელობა აფრთხილებს ხელოვანებს და ჭკუას ასწავლის თუ როგორ დაგეგმონ თავიანთ სახელოვნებო პრაქტიკა. სანდროს ქმედებას განაზოგადებს და არასწორად ახასიათებს. ხელოვანს არ დაუზიანებია არც თავისი და არც სხვა მონაწილის ნამუშევარი. გალერეის ხელმძღვანელობა ხელოვანის თავისუფალი თვითგამოხატვის ფაქტს სამაგალითო დასჯის სახეს აძლევს. ხელოვანის თვითგამოხატვის თავისუფლების შესახებ კი არაფერს ამბობს, სწორედ ეს კონსტიტუციური უფლება შეიზღუდა, ხელოვანის მიერ გაკეთებულ წარწერას კრიმინალისა და ვანდალიზმის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ჩვენთვის გასაგებია, რომ ნამუშევრის დაუგეგმავი ცვლილება შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი უპირველეს ყოვლისა კურატორსა და განაცხადის ავტორს შორის, თუმცა სრულებით მიუღებელია ის პროცესები, რაც მოყვა ამ ამბავს. აუცილებელია პროცესები დაუბრუნდეს სახელოვნებო დისკუსიის ფორმატს, მოიხსნას ხელოვანის რაიმენაირი ფორმით სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ობსკურა მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოხატავს ჩვენი გუნდის წევრის სანდრო სულაბერიძის, გამოფენის კურატორის ქეთი შავგულიძისა და ეროვნული მუზეუმის დაცვის თანამშრომლის მიმართ (რომელიც სამსახურიდან ამ მოვლენების გამო გაათავისუფლეს). ეროვნული გალერეის ხელმძღვანელობის განაცხადის საპასუხოდ გვინდა ვთქვათ, რომ სანდროს ნამუშევრის გადაღებვის მოთხოვნა უფრო არის ვანდალიზმი და უკანონო ქმედება. თუკი დავა შეიძლება ვაწარმოოთ, ეს სწორედ წარწერის გაქრობას უნდა ეხებოდეს. წარწერას არავინ და არაფერი დაუზიანებია, შესაბამისად ხელოვანის პასუხისმგებლობა ამ წარწერის შინაარსს ეხება მხოლოდ და არა დაცვის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნას, ნამუშევრის მოპარვას და ა.შ. თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებაზე პასუხისმგებელია ეროვნული გალერეის ხელმძღვანელობა და ის რეპრესიული რეჟიმი, რასაც კულტურის მინისტრი ახორციელებს.
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!
პატივისცემით ობსკურას გუნდი:
ნატო ბაგრატიონი Nato Bagrationi
სოფო კობიძე Sofo Kob
მარიამ ლორია Mariam Loria
ნინუცა შატბერაშვილი Ninutsa Shatberashvili
მარიამ წიქარიძე Mariam Tsikaridze