15/03/2026
Lykke (ლიოკე/ლუკე) დანიური სიტყვაა და ბედნიერებას ნიშნავს.
ეს წიგნი დაწერა დანიელმა ავტორმა Meik Wiking-მა, რომელიც საკუთარ თავს „ბედნიერების მკვლევარს“ უწოდებს.
ამ წიგნს ერთი თვის წინ სრულიად შემთხვევით გადავეყარე პრაღის აეროპორტში. ზოგჯერ წიგნები თვითონ გვპოულობენ — ასე მოხდა ამჯერადაც. რაღაც უცნაური ძალით მიმიზიდა.
წიგნი აღწერს, რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის — და მთლიანად საზოგადოების — ბედნიერებაზე.
რატომ არიან დანიელები უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ადამიანები?
ავტორი ბევრ მიზეზს ასახელებს:
სოციალურ უსაფრთხოებას, თანასწორობას, ცხოვრების ხარისხს, ბალანსს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის.
მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ის განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, არის ნდობა საზოგადოებაში.
ნდობა, რომელიც იბადება:
ემპათიისგან
თანამშრომლობისგან
ერთმანეთის მხარდაჭერისგან
განსხვავებულობის მიღებისგან
საზოგადოება, სადაც ადამიანები ერთმანეთს ენდობიან, ბუნებრივად უფრო მშვიდი და ბედნიერია.
და პირიქით — თუ ნდობა დაკარგულია, ასეთი საზოგადოება ვერასოდეს იქნება ბედნიერი, რაც არ უნდა მდიდარი, შრომისმოყვარე ან განათლებული იყოს.
ამ წიგნის კითხვისას სწორედ ეს ფაქტორი მომხვდა ყველაზე მეტად გულზე.
რადგან ხშირად მგონია, რომ ჩვენ გავიზარდეთ გარემოში, სადაც ბოროტება, ცინიზმი და უნდობლობა ნელ-ნელა ნორმად იქცა.
რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერში რეჟიმის ერთ-ერთმა სახემ თქვა:
„მე მაქვს ტყუილის თქმის უფლება.“
ეს ფრაზა თითქოს ამ რეჟიმის სიმბოლო გახდა.
უკვე 14 წელია ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც მიზანმიმართულად ხდება ტყუილის, ზიზღის და შუღლის დამკვიდრება —
ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც საზოგადოებას რყვნის, ანაწევრებს, აპირისპირებს.
და ამით ადამიანებს ართმევს კარგად ყოფნისა და ბედნიერების ერთ-ერთ მთავარ საყრდენს — ურთიერთნდობას.
ხშირად ვფიქრობ, როგორ შეიძლება ამის შეცვლა.
და უცებ წარმოვიდგენ ხოლმე ერთ პატარა სცენას:
ერთ დღეს, ჩემს Hobby Garden-ში, შევკრებ ხალხს —
ნაცნობებს და უცნობებს,
„ქოცებს“, „ნაცებს“ და „აკაცუკებს“.
და იქ არ ვისაუბრებთ იმაზე, რაც გვყოფს.
ვისაუბრებთ იმაზე, რაც გვაერთიანებს.
იმაზე, თუ როგორ შეიძლება ისევ ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა.
იმაზე, თუ როგორ შეიძლება ნელ-ნელა დავაბრუნოთ საზოგადოებაში ნდობა.
მჯერა, რომ ეს დღე დადგება.